სამთავრობო ცვლილებები

ნადირაშვილი: უმრავლესობამ ივანიშვილის ახალ გუნდს მხარი არ უნდა დაუჭიროს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობას აქვს შანსი, წერტილი დაუსვას ქვეყანაში განუკითხაობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ნადირაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ივანიშვილის ახალ მთავრობას მხარი არ უნდა დაუჭიროს და შეაჩეროს ქვეყნის უკუსვლა. 

"ჩვენ ვნახეთ რა მოიტანა ქვეყანაში ივანიშვილის და მისი მარიონეტების მმართველობამ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობას აქვს შანსი, რომ წერტილი დაუსვას იმ განუკითხაობას, რომელიც არის ქვეყანაში. თუ საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს ივანიშვილის ახალ მთავრობას, ეს ნიშნავს, რომ ისინი თანახმა არიან ქვეყანაში გაგრძელდეს კორუფცია, ნეპოტიზმი, გაგრძელდეს ქვეყნის დაპაუზება და ადამიანების გაღარიბება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი გადადგა. ის მეშვიდე მინისტრია, ვინც თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, მთავრობას პარლამენტისგან ნდობის ხელახალი გამოცხადება დასჭირდება. მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეცნობოს. პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად, საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება.

თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერმინისტრს, ხოლო პრემიერმინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა".

კომენტარები