სამთავრობო ცვლილებები

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი გადადგა

ვლადიმერ სტეფანია და ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. 

"ვერ მოხდა ამის საიდუმლოდ შენახვა. მე მინდოდა, ჩემი პირადი გადაწყვეტილება მომეხსენებინა საზოგადოებისთვის. მე არ მინდა, კონფლიქტში შევიდე სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. მივმართავ, ასევე მოიქცენენ ეს ადამიანები და ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე. მინდა, მივმართო პრემიერს, მომზადებული მაქვს განცხადება, აქედან გავალ და ჩავაბარებ ამ განცხადებას კანცელარიას. ვითვალისწინებ იმას, რომ მთავრობას ხელახალი ნდობის მოპოვება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩვენს გუნდს ამ ნდობას გამოუცხადებს. მე ამ გუნდის წევრი ვიყავი, ამ გუნდის სახელით მოვედი და ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა და მინდა, მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც მოვედით ამ მთავრობაში. ბევრი დანაპირები შევასრულეთ, მაგრამ ის, რაც ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს და მე მივმართავ, ნუ იქნებიან და პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით. გადადონ ყველაფერი გვერდზე და ქართველ ხალხს მისცენ ის, რასაც დაპირდნენ. სწორედ ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს და არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომელიც მე ვფიქრობ, უკვე გადასულია. იმედია, საზოგადოება სწოად გაიგებს ამ გადაწყვეტილებას. მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები. გავაგრძელებ იმ მოღვაწეობას, რა მოღვაწეობითაც მოვედი აქამდე", - თქვა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, ლევან ყიფიანი აცხადებდა, რომ მის გადაყენებას არავინ აპირებს და თავად ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.

ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, ვინც თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, მთავრობას პარლამენტისგან ნდობის ხელახალი გამოცხადება დასჭირდება. მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეცნობოს. პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად, საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება.

თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერმინისტრს, ხოლო პრემიერმინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა".

კომენტარები