- ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით დღეს 2.3 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ამერიკული დოლარი ორი ლარი და 30 თეთრი ეღირება. ბოლოს ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული 1999 წლის მარტში იყო. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტრადიციულად რეგიონში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს დაუკავშირა.
- დღეს კიდევ ერთი მინისტრი გადადგა - თანამდებობა ამჯერად გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა. ბოლო ერთ კვირაში მინისტრთა კაბინეტში ეს მეორე ცვლილებაა. კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობას პარლამენტის ნდობის ხელახლა მოპოვება მოუწევს. ოპოზიცია ხელისუფლების ირაკლი ღარიბაშვილის კადრებისგან წმენდაზე საუბრობს, თავად პრემიერი კი ამ ყველაფერში სკანდალურს ვერაფერს ხედავს.
- თბილისის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართა - შეკრებილებმა იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს და მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოთხოვნას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც უჭერენ მხარს.
- თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა სითი პარკთან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია გამართა. ელისაშვილმა თბილისის მერი უმოქმედობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დავით ნარმანიას ჰქონდა ბერკეტი სითი პარკთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარკებები თვეების წინ დაეწყო. დღეს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სითი პარკთან მოლაპარაკებები და კონტრაქტის გადახედვა იგეგმება.
- საპროტესტო აქციით დახვდნენ ზუგდიდში, შოთა მესხიას უნივერსიტეტში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ეკა ბესელიასა და გიორგის ვოლსკის. აქციის მონაწილეები, რომელთაც პლაკატები და წითელი ბარათები ეჭირათ, უნივერსიტეტში შესვლას შეეცადნენ, თუმცა სამართალმდამცველებმა მათ გზა რკინის ჯებირებით გადაუკეტეს და შენობაში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეები ჯებირების გარღვევას ძალის გამოყენებით შეეცადნენ. პოლიციასა და მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. აქციაში ანაკლიისა და ზუგდიდში მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
- აქცია განათლების სამინისტროსთან - შეკრებილებმა ბავშვის სკოლაში მიყვანის ასაკის დაწევა მოითხოვეს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 6 წლამდე ბავშვებს სკოლაში არ იღებენ. კანონპროექტი, რომელიც ასაკის შემცირებას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. განათლების სამინისტრო ცვლილების წინააღმდეგია.




