სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი

ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ევრო მსოფლიოში ჭადრაკის განვითარებისთვის იხარჯება

საქართველოს ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ევრო სხვადასხვა კონტინენტზე ჭადრაკის განვითარებისთვის იხარჯება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის განცხადებაში წერია.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი უწყება ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

განცხადებაში წერია, რომ მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბერის დადგენილებით ჭადრაკის ფედერაცია 2015-2018 წლებში 38 570 149 ლარს მიიღებს. რაც მეტია, ვიდრე ერთად აღებული 20-მდე ოლიმპიური სახეობისათვის გამოყოფილი ფული (მათ რიცხვში იგულისხმება ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი, ერთი შეჯიბრების - საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას და მის თანმხლებ გაურკვეველ ხარჯებს უნდა მოხმარდეს.

„გაუგებარია, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადახდილი ათეულობით მილიონი ლარი რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საქმეში, რასაც ჩვენზე გაცილებით დიდი და უზომოდ მდიდარი ქვეყნები არ ხარჯავენ საჭადრაკო ოლიმპიადების სამასპინძლოდ და ეს ყველაფერი, რეალურად, არავითარ უკუგებას არ იძლევა. ეს არ გაუკეთებიათ გერმანელებს, ესპანელებს, იტალიელებს, არც ნორვეგიელებს, რომლებმაც შარშან უმასპინძლეს ანალოგიურ საჭადრაკო ოლიმპიადას და ეს შეძლეს გაცილებით ნაკლები დანახარჯებით. გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს ჩვენმა ბიუჯეტმა ცალკე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას (ფიდე) 1 150 000 ევრო, საიდანაც ნახევარი მილიონი ევრო უნდა მოხმარდეს სხვადასხვა კონტინენტზე ჭადრაკის განვითარების სპეციალურ პროგრამების დაფინანსებას (?!), 250 000 ევრო - „დამატებით ხარჯებს" (?!), 50 000 ევრო - ფიდეს ოფიციალური პირების სტიპენდიებს(?!). საქართველოს მხარემ რატომ აიღო პასუხისმგებლობა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წინაშე, რომ ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს საკუთარი სახსრებით აცხოვრებდა ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და უფრო მეტიც - მათი თვითმფრინავის ბილეთების ღირებულებასაც (?!) ჩვენი ბიუჯეტიდან გადაიხდიდა“, - წერია განცხადებაში.

განცხადების ავტორებისთვის საეჭვოა ის ფაქტი, რომ 2017 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო თასის გათამაშებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბიუჯეტმა უნდა გამოყოს 1 530 000 ევრო მონაწილეთა საპრიზო ფონდისთვის.

„ვის და რის ხარჯზე ვიჩენთ ასეთ გულუხვობას? 1 530 000 ევრო, მაგალითად, სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ჩვენი სპორტის უმნიშვნელოვანესი პრობლემა - მოეწყოს და უახლესი ტექნიკით აღიჭურვოს თანამედროვე სამედიცინო პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო ცენტრი. სამინისტრო ამ გადაუდებელი საქმის მოსაგვარებლად არაფერს არ აკეთებს, სამაგიეროდ, მზად არის ბიუჯეტის მილიონები უცხოელ მოჭადრაკეებს ჩამოურიგოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ სამინისტროს ხელმძღვანელებმა და პირადად მინისტრმა ყიფიანმა.

კომენტარები