დანაშაულის სტატისტიკა

შსს: წინა წლის I კვარტალთან შედარებით, სამეწარმეო დანაშაული 600%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 600%-ით გაიზარდა სამეწარმეო დანაშაული. გასული წლის იანვარ-მარტში სამეწარმეო დანაშაულის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, წელს კი, შსს-მ ექვსი ფაქტი დაარეგისტრირა. მათგან ორი საქმე გახსნილია.

ამას გარდა, 10%-ით გაიზარდა სამოხელეო დანაშაული, მათ შორის, გაორმაგდა სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ფაქტები. 71%ით გაიზარდა ყალბი დოკუმენტაციის დამზადების შემთხვევები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა. შსს-ს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მარტში დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.24%-ით შემცირდა. კერძოდ, 2015 წლის პირველ კვარტალში დანაშაულის 8 970 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის იანვარ-მარტში კი - 10 583.

შსს-ს მტკიცებით, შემცირდა განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემთხვევები. ასევე დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, მათ შორის, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა. ასევე, ხულიგნობა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოდანაშაული.

კომენტარები