ლარის გაუფასურება

სავალუტო კრიზისის გამო პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

სავალუტო კრიზისის გამო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენის გამართვას აპირებს. სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წინა საკომიტეტო მოსმენა მარტში გაიმართა, რომელზეც მთავრობამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა. ეკონომიკის მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ სავალუტო კრიზისიდან გამოსვლისთვის სახელმწიფო პრივატიზაციის ახალ ტალღას დაიწყებდა. მთავრობამ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაც შეადგინა, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ მცირე ნაწილია გასხვისებული. ათონელის რეზიდენცია მთავრობამ ამ ნუსხიდან ამოიღო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყოველგვარი მცდელობა, რომ არსებული ეკონომიკური ვითარება გამოსწორდეს, დაგვიანებულია და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ თვეების წინ უნდა დამდგარიყო. 

პარასკევს ლარის გაუფასურებამ გასული 16 წლის მაქსიმუმს მიაღწია. დღეს ერთი დოლარის შეძენა ორ ლარად და ოცდარვა თეთრად არის შესაძლებელი. ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. 

კომენტარები