დანაშაულის სტატისტიკა

შსს: მოიმატა დანაშაულმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.54%-ით გაიზარდა დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 2015 წლის იანვარ-მარტში აღნიშნული დანაშაულის 133 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის პირველ კვარტალში კი, საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 96 შემთხვევა დაარეგისტრირეს.

აქედან, გაზრდილია ტრეფიკინგის (+3) და მუქარის (+32) შემთხვევები. ასევე, შსს აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 11 ფაქტით მეტი დაფიქსირდა "სხვა დანარჩენი" მუხლებით [სსკ 142-170] გათვალისწინებულ დანაშაულებშიც. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, "სხვა დანარჩენი" - მოიცავს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას, წამებას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, დანაშაულის პროვოკაციას, იძულებას, სიტყვის თავისუფლების ხელყოფას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას, დევნას, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას და სხვ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა. შსს-ს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მარტში დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.24%-ით შემცირდა. კერძოდ, 2015 წლის პირველ კვარტალში დანაშაულის 8 970 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის იანვარ-მარტში კი - 10 583.

შსს-ს მტკიცებით, შემცირდა განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემთხვევები. ასევე დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, მათ შორის, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა. ასევე, ხულიგნობა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოდანაშაული.

კომენტარები