ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი არასამთავრობოებზე: ნაცმოძრაობასთან საეჭვო თანხვედრაში არიან

კვირის 2030

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20-30-ის ეთერში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე გააკრიტიკა.

საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრთა მიერ დაარსებული ორგანიზაციები საზოგადოების ნდობით არ სარგებლობენ. სამაგიეროდ, „განსაკუთრებულად სახიფათო" უწოდა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც, მისი აზრით, „თანხვედრაში მოდის" ნაციონალური მოძრაობის რიტორიკასთან.

„სახიფათოა არა ონიანი, არა ფირცხალავა და არა უტიაშვილი, რომლებიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ვინ არიან... ვახსენე გიგაური და კოჟორიძე. მათთან პრეტენზიები რატომ გამიჩნდა? არა იმიტომ, რომ მე ეს პიროვნებები მაინტერესებს. საინტერესოა ეს ორგანიზაციები, მათი ისტორია. მათ შექმნასა და ჩამოყალიბებაში ძალიან ბევრმა წარმატებულმა პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა და მათ დიდი როლი ითამაშეს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში და თამაშობენ დღესაც... ამ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ დიდი იმიჯი და დიდი ისტორია, როდესაც მათ ხელმძღვანელებზე ჩნდება ეჭვი, რომ ტენდენციურები არიან და თანხვედრაში მოდიან ზოგჯერ თუ ხშირად ნაციონალური მოძრაობის აგიტაციასთან, სიცრუის მანქანასთან, ამაზე გავაკეთე მე მინიშნება თავის დროზე, დავასახელე ეს გვარები", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

გიგაურისა და კოჟორიძის მიკერძოებულობის მაგალითად ივანიშვილმა შსს-ს მიერ წამების ამსახველი კადრების დემონსტრირება მოიყვანა, რის წინააღმდეგაც ისინი გამოვიდნენ. განსაკუთრებით მწვავედ კი ყოფილმა პრემიერმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია ფარული მოსმენების წინააღმდეგ „ეს შენ გეხება" გააკრიტიკა.

„რას ნიშნავს „ისევ გვისმენენ?" ესე იგი რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, იგივეს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება? არცერთი ფაქტი არ ჰქონდათ და დღესაც არ მინახავს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში პირად ცხოვრებაში ჩარევის რაიმე ფაქტი აღმოეჩინათ. ეს აქცენტის გადმოტანა არის თუ არა თანხვედრაში ნაციონალური მოძრაობის აგიტმანქანასთან?" - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, იგი ასევე არაობიექტურად მიიჩნევს ეკა გიგაურის მიერ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებზე აღმოჩენილი დარღვევების შეფასებას. „მაქვს ეჭვის საფუძველი, რომ გიგაურს რაღაც პირადული აქვს და ვერ აკეთებს ანალიზს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა საერთაშორისო განმჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომლის თანახმად, 2013-14 წლებში სასტუმროებსა და რესტორნებზე მთავრობის ხარჯებმა 20 მილიონი ლარი შეადგინა. მისი აზრით, ეს კვლევა ასევე „საეჭვო თანხვედრაშია ნაციონალური მოძრაობის აგიტაციასთან".

საიას ყოფილი ხელმძღვანელის, პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის საქმიანობაზე საუბრისას კი ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იგი, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხით უნდა დაინტერესებულიყვნენ, ისევე როგორც მთავრობის წევრთა პრემიებით ინტერესდებოდნენ.

„პრინციპში, კოჟორიძემ გააფორმა, რატომ არ აკრიტიკებდა პრეზიდენტს და რატომ არ ამბობდა არაფერს ამ 10 ათას კვადრატულ მეტრზე და სასახლეზე. მივიდა და თავისი ადგილი ნახა", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები