საქართველოს ეკონომიკა

ჯაფარიძე: წელს, თითოეული მოქალაქე საშუალოდ 1456 დოლარით გაღარიბდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგებს აფასებს. Fitch Ratings-მა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურამდე შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან წინსვლას არ ვარაუდობს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო წელს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუარესებას პროგნოზირებს. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას მხოლოდ კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს.

"Fitch ელის, რომ წელს: საქართველოს სავალუტო რეზერვები ჩამოცდება 2.5 თვის იმპორტის ზღვარს; ექსპორტი შემცირდება 20%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შემოვა კიდევ უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა, რაც კიდევ უფრო დააწვება ეროვნული ვალუტის კურსს; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაიზრდება მშპ-ის 9-დან 14%-მდე; წმინდა საგარეო ვალი გაიზრდება მშპ-ის 58-დან 80%-მდე; ეკონომიკური ზრდა შემცირდება 2%-მდე და ეს კარგ შემთხვევაში. თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ფიქრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა, შესაძლოა, ამის გაუარესებაც მოხდეს და საერთოდ არ გვქონდეს წელს ეკონომიკური ზრდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ შემცირდება 3,623 დოლარიდან 2,923 დოლარამდე (700 დოლარით ნაკლები) - ეს ნიშნავს იმას, რომ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით შემცირდება 7,666 დოლარიდან 6,209 დოლარამდე ანუ წელს, თითოეული მოქალაქე საშუალოდ 1,456 დოლარით უფრო ღარიბი იქნება, ვიდრე იყო შარშან. ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 3.5%-მდე - ევროპული სტანდარტით, ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა ცდებოდეს 3%-ს, რადგან ეს უქმნის საფრთხეს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. მთავრობის ვალი გაიზრდება 43%-ზე ზემოთ", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ენმ ხელისუფლებას საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუარესებაზე ორი წლის წინ აფრთხილებდა.

"ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ მათი გაუაზრებელი პოლიტიკა ამ შედეგებამდე მიიყვანდა ქვეყანას და ეს პირველ რიგში აისახებოდა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვისმენდნენ და დღეს ამას უკვე აცხადებს და ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება კვლავ იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს შექმნილი ვითარების გადაფარვას. საჭიროა ბევრად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა: გადასახადების შემცირება, მთავრობის ხარჯების შემცირება და რეგულაციების გაუქმება. თუმცა, ამ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება. ამიტომ, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები