კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: უკრაინულ არმიას საერთაშორისო წვრთნები ძალიან სჭირდება

dailystormer.com

ლვოვის ოლქში საერთაშორისო წვრთნები უშიშარი მცველი გრძელდება. 300 ამერიკელი ინსტრუქტორი უკრაინის ეროვნული გვარდიის 600 მებრძოლს მოამზადებს. მანევრების გახსნას ქვეყნის პრეზიდენტი და უკრაინაში ამერიკის ელჩი დაესწრნენ.

"ეროვნულ გვარდიას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დიდი როლი ენიჭება, ის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად, უკრაინელი ხალხის დემოკრატიული მოლოდინების შესაბამისად", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა.

"ტრენინგების პროგრამა ყოვლისმომცველია. დაწყებული ადამიანის უფლებებით, ომის წარმოების წესებით, დამთავრებული საცეცხლე მომზადებით. ეს ყველაფერი უკრაინულ არმიას ძალიან სჭირდება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

პროგრამა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით უკრაინაში ექვს თვეს გაგრძელდება. უკრაინელ სამხედროებს ასევე ბრიტანელი, კანადელი და პოლონელი ინსტრუქტორები გაწვრთნიან. რუსეთის საგარეო უწყებამ უკრაინაში ამერიკელი ინსტრუქტორების ჩასვლით შეშფოთება გამოთქვა და ეს ფაქტი მინსკის შეთანხმების დარღვევად შეაფასა.

კომენტარები