კრიზისი უკრაინაში

კიევი ადასტურებს, რომ რუსმა ინტერვენტებმა ქართველი მებრძოლის ცხედარი დანაღმეს

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი ადასტურებს, რომ რუსმა ინტერვენტებმა სოფელ შიროკინოში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი დანაღმეს, რითაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვიეს. შტაბის ცნობით, სეპარატისტებმა დაღუპულს ფეხსაცმელი გახადეს და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები მოხსნეს, შემდეგ კი, ცხედარი დანაღმეს, რათა მის გამოსაყვანად მისული თანამებრძოლები გაენადგურებინათ. ცხედრის გადმოსვენება მხოლოდ ეუთო-ს დამკვირვებელთა დახმარებით მოხერხდა, რომლებმაც ნაღმი გააუვნებელყვეს. ერთობლივ საკოორდინაციო ჯგუფში უკრაინის მხარის წარმომადგენელმა გენერალმა ანდრი ტარანმა მადლობა ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსანდრ ჰუგს გადაუხადა. 

ბატალიონ აზოვის პრესსამსახურის ცნობით, სეპარატისტებმა გასულ საღამოს შიროკონოში უკრაინელ მებრძოლებს ცეცხლი ისევ გაუხსნეს. მათ ტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნები და ტანკები გამოიყენეს. ეუთო-ს მისიამ კი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, სეპარატისტების მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად წინა ხაზიდან გაყვანილი ტექნიკის ნაწილი დისლოკაციის ადგილებში აღარ იმყოფება. სეპარატისტების განმარტებით, ტექნიკა 9 მაისის გამარჯვების აღლუმის მოსამზადებლად გაიყვანეს.

კომენტარები