კრიზისი უკრაინაში

ეუთოს გენმდივანი: მხარეები შიროკინოში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

OSCE

უკრაინის შეიარაღებული ძალები და რუსი ინტერვენტები დასახლებულ პუნქტ შიროკინოში, მარიუპოლის მახლობლად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა განაცხადა. მისი თქმით, შეთახმებას მხარეებმა ეუთოს დამკვირვებელთა შუამავლობით მიაღწიეს. 

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, გასულ საღამოს სეპარატისტებმა ცეცხლი 6-ჯერ გახსნეს, მათ შორის, 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების გამოყენებით. სროლა ძირითადად დონეცკის მიდამოებში ისმოდა. შეტაკებებს უკრაინელ სამხედროებს შორის მსხვერპლი ამჯერად არ მოჰყოლია. ამავე დროს, შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეყვანას განაგრძობს. გაერომ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. წლის დასაწყისიდან ქვეყანის აღმოსავლეთში, დასახლებულ პუნქტების დაბომბვისა და ნაღმებზე აფეთქების შედეგად 400-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა. სულ დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასს აღემატება. იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მილიონ 200 ათას ადამიანს გადააჭარბა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკების აღიარება სამშვიდობო პროცესს ძალზე გაართულებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, რუსეთმა უკრაინის ერთიანობას პატივი უნდა სცეს.

შაბათს ვლადიმირ პუტინმა სამომავლოდ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა საუბრები ამის შესახებ კონტრპროდუქტიული იქნება.

კომენტარები