ევროკავშირი

ლუქსემბურგში აფრიკელი მიგრანტების გადარჩენის საკითხზე მსჯელობენ

telegraph.co.uk

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში აფრიკელი მიგრანტების გადარჩენის საკითხზე მსჯელობენ. აფრიკელი მიგრანტები ევროპაში გადასვლას ცდილობენ და ზღვაში იღუპებიან. 

"მთავარი საკითხი დღეს არის ევროპის პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება ხმელთაშუა ზღვაში. ვაცნობიერებთ, რომ ადვილი ან ჯადოსნური გადაწყვეტილება აქ არ არსებობს. პრობლემაზე ერთად და შეთანხმებულად უნდა ვიმუშაოთ. ეს არაა მხოლოდ მორალური ვალდებულება, როდესაც ამდენი ადამიანი ზღვაში იღუპება. ევროკავშირი ხომ ადამიანის უფლებების, ღირსებისა და სიცოცხლის დაცვის გარშემო შეიქმნა", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

"ძალიან დიდი ამოცანის წინაშე დავდექით, რომელიც სწრაფად ვერ გადაწყდება. ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ხმელთაშუა ზღვაში ხალხი აღარ იღუპებოდეს", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

გუშინ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი ნავი გადაბრუნდა, რომლის ბორტზე 700-მდე აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა. იტალიის სანაპირო დაცვამ მხოლოდ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლო. მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვაში 1500-მდე მიგრანტი დაიღუპა.

ევროკავშირი ასევე აპირებს, დახმარება გაუწიოს ლიბიას, რომლის გავლითაც აფრიკელი მიგრანტების ძირითადი ნაკადი ევროპისკენ მიემართება. ბოლო პერიოდში იტალიის სანაპიროზე დღე-ღამეში 500-მდე მიგრანტი ჩადის. 

კომენტარები