საკვირაო ქადაგება

პატრიარქი: რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაკარგავ?

ძველი რომაელები ამბობდნენ: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ იყოს და იყოს ძმა და მეგობარი?! ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაკარგავ? ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი.

თქვა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები