დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლში ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით საქართველოს ეკლესიას გადასცა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ორი სიგელი, რომლებშიც იყო აღიარება V საუკუნიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ასევე იყო აღიარება და ცნობა ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტულისა, როგორც კათოლიკოს-პატრიარქისა. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელიც მოხდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ღვაწლით, შრომითა და ავტორიტეტით. მაშინ ხარობდა მთელი ერი, მთელი ეკლესია და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ ამ დღეს. მადლობას ვუხდით ყოვლად უწმინდეს დიმიტრიოსს და ვიხსენიებთ მის ნეტარ სულს. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოღვაწეობაში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი სიტყვები ბრძანა, რომ ეს მოვლენა გახლავთ საბოლოო აღიარება ჩვენი ავტოკეფალიისა, რომელსაც ამიერიდან ვერავინ ვეღარ ხელყოფს, ვერავინ ვეღარ უარყოფს და ვერ შეეხება.
გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. ინებოს უფალმა, რომ ასეც გაგრძელებულიყოს მრავალჟამიერ, უკუნისამდე, რამეთუ ეს გახლავთ მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა.