თეორემა

რით იზიდავს ისლამური სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს

ბოლო რამდენიმე დღეა პანკისის ხეობა ქართული მედიისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა - ამ ხეობიდან ორი ახალგაზრდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი სირიაში გაემგზავრა და ხალიფატს შეერთებოდა. უკანასკნელი ცნობებით, ორივე მათგანი ახლა საბრძოლო მომზადებას გადის. ამ ხეობიდან სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად ჯამში 50-იდან 100 -ამდე ახალგაზრდა წავიდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პანკისის ხეობა ქართული მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა - ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, საქართველოს თავი დაახლოებით 6 ათასმა დევნილმა შეაფარა. ბევრ მათგანს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებთან ნათესაური კავშირი ჰქონდა.ამ გარემოებამ სიტუაციის გართულება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მკვეთრად იმატა ადამიანების გატაცებამ, ნარკოტიკებით ვაჭრობამ, ყაჩაღობამ და მკვლელობებმა. რუსეთის ხელისუფლება შევარდნაძის მთავრობას ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა. ამ საბაბით პუტინს საქართველოში ჯარის შემოყვანა სურდა. შევარდნაძე იძულებული გახდა რაღაც ზომები მაინც მიეღო. პანკისში პოლიცია და უშიშროების უწყება შევიდა.

რუსეთის ინტერვენციისგან, გარკვეულწილად, 11 სექტემბრის ტრაგედიამ გადაგვარჩინა. ალ-ყაიდას თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი წამოიწყო. ამ პოლიტიკის ფარგლებში პანკისის ხეობაც შეერთებული შტატების ინტერესის ზონაში აღმოჩნდა – უშიშროების სამსახურები ეჭვობდნენ, რომ საქართველოს ალ-ყაიდას წევრები აფარებდნენ თავს.შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას გააგებინა, რომ პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხეს ხედავდა და თავად იყო დაინტერესებული მისი აღმოფხვრით.

პანკისის ხეობა კიდევ ერთხელ ყურადღების ცენტრში 2012 წელს მოექცა როდესაც აქ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარმა შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლად ადგილობრივი ახალგაზრდები აიყვანა - ხელისუფლებამ 11 მებრძოლის გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა, რომელსაც ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი. მძევლებს შორის გარდაცვლილები არ ყოფილან. ლაფანყურის ოპერაციის რეალური მიზნებისა და გარემოებების შესახებ მაშინაც და დღესაც ბევრს საუბრობენ - თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ის ჩეჩენი მებრძოლი იყო, რომლის ჩვენებასაც რამდენიმე წლის რუსეთის ხელისუფლება ევროპული ქვეყნებიდან ჩეჩენი პოლიტიკოსებისა და საველე მეთაურების ექსტრადიციისთვის იყენებდა. სურდა თუ არა რუსეთს ამ ჯგუფის გამოყენებით საქართველოში სიუტაციის წინასაარჩევნოდ არევა კვლავ კამათის საგანია.

ეს ფაქტები და დღეს პანკისში მიმდინარე მოვლენები გვარწმუნებს, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

ამ გამოწვევებზე ვსაუბრობთ სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელ მამუკა არეშიძესთან.

კომენტარები