ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო განხილვა 27 აპრილს გაგრძელდება. მომდევნო სხდომაზე საკუთარ მტკიცებულებათა ნუსხას დაცვის მხარე წარადგენს. ბრალდების მხარემ კი მტკიცებულბების სია დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა.
ბრალდების მხარის მტკიცებულებებში აუდიტის სამსახურის დასკვნაცაა. დაცვის მხარე ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებას, მათ შორის აუდიტის დასკვნასაც, დაუშვებლად მიიჩნევს, რადგან, როგორც ადვოკატები ამბობენ, ეს მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული. დაცვის მხარეს დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებაც უნდოდა, თუმცა, ვერ მოესწრო.
ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო განხილვა პირველ აპრილს დაიწყო. მაშინ ის დაცვის მხარის შუადგომლობით დაიხურა. ადვოკატებმა თქვეს, რომ მათ მტკიცებულებათა ნუსხაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები იყო.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.





