ოკუპირებული ტერიტორიები

ბოკერია გალში ქართული ენის აკრძალვაზე: რუსეთი წნეხის ქვეშ უნდა მოექცეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან გალში შესაძლოა ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალოს, რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა. ბოკერია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენოს და რუსეთის ხელისუფლება წნეხის ქვეშ მოაქციოს.

"ეს არის გაღრმავება ამ ნაბიჯების, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ივანიშვილმა შემოგვთავაზა ამ მიმართულებით, არ მუშაობს და პირიქით, ართულებს ჩვენს მდგომარეობას. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოახვედროს რუსეთის ხელისუფლება (ხაზს ვუსვამ, რუსეთის ხელისუფლება და არა მარიონეტული რეჟიმი, იმიტომ, რომ ის არაფერს არ წყვეტს ასეთ საკითხებში). შეამციროს რისკები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის სამი წელია, ვხედავთ წნეხის შესუსტებას რუსეთზე, რბილად რომ ვთქვა, იმის ნაცვლად, რომ ეს ინსტრუმენტები იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დასაცავად", - განაცხადა ბოკერიამ.

სექტემბრიდან გალში შესაძლოა ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალოს -  ეს ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. საქართველოს მთავრობაში ამ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა, როგორც აფხაზთა კრების წევრები ამბობენ, გალის მცხოვრებლებმა მათ უშუალოდ დაუდასტურეს, რომ ახალი სასწავლო წლიდან 11 სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება შეწყდება. 

კომენტარები