პოლიციელის მკვლელობა

პრემიერი: შალვა აბულაძის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრის განცხადებით, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის დაკავება ხელისუფლების ღირსების საქმე იყო. მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და თითოეულ პოლიციელს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს.

"პოლიციელების - ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის. სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით" - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დღეს დილით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს და თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს. აბულაძეს სამართალდამცველები იანვრიდან ეძებდნენ. ბრალდებულმა ერთი პოლიციელი იანვარში მოკლა, მეორე კი, 4 აპრილს.

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. შალვა აბულაძეს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები