პოლიციელის მკვლელობა

შსს შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, შალვა აბულაძე ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს და თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს. აბულაძეს სამართალდამცველები იანვრიდან ეძებდნენ. ბრალდებულმა ერთი პოლიციელი იანვარში მოკლა, მეორე კი, 4 აპრილს.

"მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დილით, გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპეციალური ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი შალვა აბულაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები" - განაცხადეს შსს-ში.

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. შალვა აბულაძეს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები