საუბარი რელიგიაზე

რას ყვება სომეხთა სამოციქულო ეკლესია ე.წ წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ?

ყოველთა სომეხთა სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი, მღვდელი ნარეკ კუშიანი "წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის" შესახებ გადაცემას, საუბარი რელიგიაზე ესაუბრა. 

"წმიდა ცეცხლის გამოტანის უფლება აქვთ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიას და რადგან კათოლიკე ეკლესია თავის საეკლესიო დღესასწაულებზე ღვთისმსახურებას აღასრულებს ახალი სტილის კალენდრით, შესაბამისად, კათოლიკე ეკლესიამ წინა კვირას, აღდგომას, მარტომ აღასრულა ცეცხლის გამოტანის რიტუალი. მომავალ კვირას, ანუ 12 აპრილს შემდეგნაირად მოხდება: ამ დღეს, სტატუს კვოს თანახმად ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არქიმანდრიტთან ერთად შევა კუვუკლიაში. მაგრამ აქვე შევნიშნავ, რომ ცეცხლის გამოტანის უფლება აქვს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პატრიარქს, რომელიც არის მთავარეპისკოპოსი და შესაბამისად წმიდა მიწაზე სომხური საპატრიარქოს პატრიარქი. მას აქვს უფლება გადასცეს ცეცხლის გამოტანის უფლება ნებისმიერ ღვთისმსახურს, რამდენიმე წელია ეს უფლება აქვს მამა ბაგრატს, რომელიც გახლავთ სომხური ტაძრის წინამძღვარი ქალაქ იაფაში, ისრაელში.

მართლმადიდებელი პატრიარქი და ჩვენი არქიმანდრიტი ერთდროულად განიმოსავენ შესამოსელს და შედიან იმ ადგილას, საიდანაც მათ გამოაქვთ წმიდა ცეცხლი. ეს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტელევიზიით. როცა შედიხარ ამ ადგილას, კუვუკლიაში, იქ არის პატარა ადგილი, რომელსაც ეწოდება ანგელოზის წინკარი, თუ თქვენ შეხვალთ ამ ადგილას დაინახავთ შუაში ქვას, სადაც გადმოცემის მიხედვით იჯდა ანგელოზი, რომელმაც ახარა ქალებს, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ამ ქვის მარცხნივ და მარჯვნივ არის ორი პატარა სარკმელი, საიდანაც ბერძენი და სომეხი სასულიერო პირები აძლევენ ცეცხლს თავიანთ მორწმუნეებს, რომელიც მათ გამოაქვთ ქრისტეს საფლავის ტაძრიდან, ანუ იმ ტაძრიდან სადაც ანთებენ ცეცხლს. იმ ადგილას, სადაც არის ქვა, რომელზეც ესვენა მაცხოვრის სხეული, პირველი შედის ბერძენი პატრიარქი, რადგან ის პატრიარქია და ხარისხით უფრო მაღლა დგას ვიდრე არქიმანდრიტი, მაგრამ უფლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფლება ცეცხლის გამოტანის სომეხი პატრიარქისთვის არავის წაურთმევია, უბრალოდ ასეთია პატრიარქის გადაწყვეტილება.

რადგან იქ ადგილი პატარაა, სულ რაღაც მეტრი - მეტრ ნახევარზე, პირველი შედის ბერძენი პატრიარქი. მას მიჰყვება სომეხი არქიმანდრიტი. ისინი ანთებენ (!) ცეცხლს, პირველი გამოდის სომეხი პატრიარქი, რადგან ის უფრო ახლოს დგას კართან. მას მოჰყვება ბერძენი პატრიარქი. როცა ისინი გამოდიან უკან, ანგელოზის წინკარში, სომეხი არქიმანდრიტი ცეცხლს აძლევს თავის მორწმუნეებს, ბერძენი პატრიარქი თავისებს. მხოლოდ ამის შემდეგ პირველი გამოდის ბერძენი პატრიარქი და შემდეგ გამოდის სომეხი არქიმანდრიტი.

რა ხდება ამ პროცესამდე. სტატუს კვოს თანახმად, ამ დროს სომხებს აქვთ ამ ადგილის გარშემო ლიტანიობის უფლება. სომხები შეადგენენ ორ მესამედს ამ პროცესიის, ერთ მესამედს შეადგენენ სირიელები და კოპტები. ანუ მათ აქვთ უფლება მიცემული, რომ ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ წმიდა ადგილის გარშემო ლიტანიობაში, სანამ გამოიტანენ ცეცხლს. როცა გამოაქვთ ცეცხლი, ყველა აძლევს თავიანთ მორწმუნეებს. ვიცი, რომ ტელევიზიით, მაგალითად ჩვენთან, საქართველოში, მიღებულია მთელი ხმით საუბარი, რომ მხოლოდ ბერძნები იღებენ წმიდა ცეცხლს. ვიტყვი და ამით არანაირ საიდუმლოს არ გავამხელ, რადგან ამის შესახებ იცის ყველამ, მათ შორის წმიდა მიწაზე, რომ ტაძრის გასაღები ეკუთვნით სომხებს, თუ სომხები არ გახსნიან ქრისტეს საფლავის ტაძარს, ის არ გაიხსნება. მაგრამ ბუნებრივია ისინი მას აუცილებლად გახსნიან, რადგან ეს არის წმიდათაწმიდა ყველა ქრისტიანისთვის. მე ვამბობ, რომ გასაღები ეკუთვნის სომხებს და უფლება გახსნან კარი ქრისტეს აღდგომის დღეს, ეკუთვნის სომეხთა ეკლესიას. ისინი სომეხთა საპატრიარქოდან - ქრისტეს საფლავამდე საზეიმო მარშით მიდიან ტაძრამდე, აძლევენ გასაღებს არაბებს, რომლებიც მეთვალყურეობენ მაცხოვრის საფლავს, იღება ტაძარი და უკვე შემდეგ იწყება მთელი ეს პროცესია. სომხები მართლმადიდებლების თანასწორად, ყველასთან ერთად, თანასწორი უფლებით იღებენ ცეცხლს და აძლევენ მას თავიანთ მორწმუნეებს.

ამ ინტერვიუს დასაწყისში მე ვთქვი, რომ ჩვენი ეკლესიის მამის, გრიგორი ტათევაცის გადმოცემის მიხედვით, გრიგორი განმანათლებელი იყო ერთ-ერთი პირველი, შესაძლოა პირველი, რომლის ლოცვის მეშვეობითაც ყველა სანთელი აინთო ტაძარში, სასწაულებრივად. ისტორია ამბობს, რომ სასწაულები, ანუ მოცემულ შემთხვევაში ცეცხლის გარდამოსვლა ხდებოდა ქრისტეს აღდგომის ტაძარში. მე ისიც ვთქვი, რომ წმიდა გრიგოლი თავის ლოცვებში იმასაც ამბობდა, რომ ყოველ დიდ შაბათს, ამ დღეს გარდამოსულიყო წმიდა ცეცხლი, რომელიც მიეცემოდათ მორწმუნეებს. მე მინდა აღვნიშნო შემდეგი, ის ვისაც სწამს ამ წმიდა ცეცხლის, სწამთ. ხოლო მათ ვისაც არ სწამთ ამ წმიდა ცეცხლის, არ სწამთ. მაგრამ მე მაქვს უზარმაზარი თხოვნა, ყველამ გაიგოს, რომ ქრისტეს აღდგომა ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. საუბარი იმაზე, გარდამოვიდა ეს ცეცხლი თუ არ გარდამოვიდა და ამაზეა დამოკიდებული აღდგომა დადგება თუ არა, არასწორია. დიდი პასექი, დიდი აღდგომა იესო ქრისტესი ყოველთვის იყო და იქნება! იმისგან დამოუკიდებლად, არის ცეცხლი თუ ის არ არის. ვისაც ეს აინტერესებს და მივა ადგილობრივ სასულიერო პირებთან, კითხოს ეს როგორ ხდება. ჩვენ გვჯერა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის.

შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ 2004 წლიდან, ჩვენი ეპარქიისთვის არაერთხელ მოუმართავთ საქართველოს სხვადასხვა ტელევიზიებს, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენს ეპისკოპოსს დაეწერა წერილი სომეხთა საპატრიარქოსთვის წმიდა მიწაზე, რომ ამ ტელევიზიებს შესძლებოდათ წმიდა ცეცხლის მიღების პირდაპირი ტრანსლაცია. თქვენ იცით რომ ტაძარი არის სამად გაყოფილი. და ხდებოდა ისე, რომ ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვთხოვდით სომეხთა საპატრიარქოს წმიდა მიწაზე, მიეცათ მათთვის ეს უფლება, ჟურნალისტები, რომლებიც იდგნენ წმიდა ტაძრის სომხურ ტერიტორიაზე, ამბობდნენ, რომ სომხური ეკლესია არ მონაწილეობს წმიდა ცეცხლის მიღებაში და რომ სომეხთა ეკლესიას წართმეული აქვს ეს უფლება. და ყოველ ჯერზე მოგვითხრობენ ისტორიას, რომ ერთხელ სომხებმა დაკეტეს ტაძრის კარი, რომ იქ არ შეეშვათ მართლმადიდებლები, დიდხანს ლოცულობდნენ და ცეცხლი არ გარდამოვიდა და რომ მორწმუნე მართლმადიდებლებმა, რომლებიც იდგნენ ტაძრის შესასვლელთან, შემდეგ ილოცეს და ცეცხლმა დაარტყა კოლონას, კოლონაში აინთო ცეცხლი და მათ აქედან მიიღეს ეს ცეცხლი. ყველაზე გასაოცარი და სასაცილო არის ის, რომ ის კოლონა, რომელზეც ყოველ ჯერზე საუბრობენ პირდაპირი ტრანსლაციის დროს, მდებარეობს არა სადმე სხვაგან, არამედ ზუსტად რომ ტაძრის სომხურ ნაწილში, ანუ იქ მართლმადიდებლები ვერაფრით ვერ იდგებოდნენ. თუ ეს ვინმეს აინტერესებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მათ უბრალოდ შეუძლიათ წავიდნენ და ჰკითხონ, სად არის ეს კოლონა და ნახონ ტაძრის რომელ ნაწილში მდებარეობს ის. მე უბრალოდ მსურს ვთქვა, რომ ჩვენ ქრისტიანები, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომელთაც სჯერათ იესო ქრისტეს გამომხსნელობის, გვწამს რომ იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით და მისცა უფლება ყველას ვინც ცხოვრობდა იქამდე და ვინც იცხოვრებდა მას შემდეგ, სწამდეს მისი ბრწყინვალე აღდგომის. ის, რომ ღვთის კანონის მიხედვით ცხოვრებით შეიძლება გავიმარჯვოთ სიკვდილზე, დავიმკვიდროთ მარადიული ცხოვრება და ვიყოთ ქრისტესთან ერთად. რაც შეეხება ცეცხლს, ცეცხლი ნამდვილად გარდამოდის იქ, სადაც წმიდა გულები და ღვთის მოყვარულები არიან.

ის რომ წმიდა ცეცხლი გარდამოსულა, ეს არის რეალური ისტორიული ფაქტი, რომელზეც საუბარია ბევრ ადგილას. ის რომ ჩვენ ყოველ წელს, შეგვიძლია დაველოდოთ წმიდა გარდამოსვლას, რომელიღაც კალენდარულ დღეს, რომელიღაც წლის, ეს უკვე არ არის სასწაული, ეს დაგეგმილი აქტია. ჩვენ ვსაუბრობთ სასწაულზე, ანუ წმიდა ცეცხლზე. რომელსაც ჩვენ არ ველით ყოველ წელს, ჩვენ სომხები მას არ ველოდებით ყოველ წელს, როცა ჩვენ შევდივართ კუვუკლიაში და გამოგვაქვს ცეცხლი, ჩვენ ამით არ ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას, ჩვენ უბრალოდ გამოგვაქვს იმ ადგილიდან, სადაც ის დასვენებული იყო, სინათლე.

ღვთისმსახურების თქმით იქ არის რამდენიმე კანდელი. მე იქ იმ დროს არ ვყოფილვარ, მაგრამ ვინც ჩავა იქ ნახავს, რომ კიდია კანდლები - სომეხთა, კათოლიკეთა, მართლმადიდებლების. ვინც იქ ყოფილა ამბობენ, რომ სასწაულები ხდება, მაგრამ ხდება ისეც, რომ ისინი უბრალოდ ანთებენ ცეცხლს და გამოაქვთ. იმისთვის, რომ მისცენ მორწმუნეებს ქრისტეს ნათელი და არა ცეცხლი, ჩვენ არ ვართ ცეცხლთაყვანისმცემლები. ჩვენ გვწამს იესო ქრისტეს სინათლე და სიწმიდე", - უთხრა გადაცემას მამა ნარეკ კუშიანმა. 

კომენტარები