პოლიციელის მკვლელობა

ენმ: ბორჯომში აბულაძის დაკავების სპეცოპერაციაზე გასვლაზე სპეცრაზმმა უარი თქვა

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ ბორჯომში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ იცოდა. დეპუტატის თქმით, შსს-მ აბულაძის დასაკავებლად სპეცოპერაციაც დაგეგმა, თუმცა სპეცრაზმმა დავალების შესრულებაზე უარი თქვა. მისივე მტკიცებით, ამის შემდეგ "სიტუაციის დასარეგულირებლად" აბულაძესთან შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ჩავიდა, "დაუყვავა და ბათუმში წაიყვანა".

გივი თარგამაძის ინფორმაციით, სპეცრაზმის თანამშრომლებმა ოპერაციაზე გასვლაზე უარი ახსნეს იმით, რომ შეიარაღებული აბულაძისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა და მისი სავარაუდო ლიკვიდაცია მოუწევდათ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა გაიხსენეს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მონაწილე ექვსი სპეცრაზმელი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. თარგამაძის თქმით, სწორედ ამის გამო თქვეს უარი სპეცრაზმელებმა აბულაძის დაკავების ოპერაციაზე.

ცნობისთვის, შსს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს იანვრიდან ეძებს. მან ბორჯომში ერთი პოლიციელი მოკლა და ერთი დაჭრა. რამდენიმე დღის წინ კი, ვარკეთილში მოკლა კიდევ ერთი პოლიციელი ბექა მარგიშვილი. 

ამის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "წინააღმდეგობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, რომ მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია". მან სამართალდამცველებს მიმართა, იმოქმედონ კანონის ფარგლებში.

"თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს, 2-3 ნაბიჯით წინ და ვერ უნდა დაგვასწროს ვერცერთმა კრიმინალმა, ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი", - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების გარდა, წინასწარ პატიმრობაში, ასევე განზრახ მკვლელობის ბრალდებით იმყოფება კიდევ ერთი პოლიციელი. ლაშა ჯიხვაშვილმა ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, მანქანას ესროლა და ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ. მოკლა. მაშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "პოლიციელი კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის".

კომენტარები