პოლიციელის მკვლელობა

მერაბიშვილი: სამწუხაროა, რომ უფრო გახშირდა პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"სამწუხაროდ, კიდევ ერთი სამაგალითო პოლიციელი დაკარგა საქართველომ. მინდა, მივუსამძიმრო ბექა მარგიშვილის ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო ღირსეულად დააფასებს მის თავდადებას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხოლო დამნაშავე საკადრისად იქნება დასჯილი.

მინდა, აგრეთვე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს და იმედი გამოვთქვა, რომ იგი კვლავ ასეთივე შემართებით განაგრძობს საზოგადოების სამსახურში ყოფნას.

სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში სულ უფრო გახშირდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათზე თავდასხმის ფაქტები, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა დაფუძნებულია თითოეული პოლიციელის თავდადებასა და მათ მიმართ საზოგადოების პატივისცემაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს შეიარაღებულმა პირმა პოლიციელები ბექა მარგიშვილი და ვალერიან გრძელიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა იუწყება, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და დადგენილია თავდამსხმელი პირის ვინაობა. ის 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შალვა აბულაძე შეამჩნიეს თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან აბულაძე შეიარაღებულია; ასევე საზოგადოებას მიმართავს, თუ აქვთ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

კომენტარები