პოლიციელის მკვლელობა

ჩაფიძე: ვერ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, განვმარტო პრემიერის განცხადებები

მე სამწუხაროდ ვერ შევალ აღნიშნული საქმის დეტალების განხილვაში. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, ყველა შემთხვევაში იქნება განხილული, როგორც ზეწოლა გამოძიებასა და სასამართლოზე. ამის უფლებას მე საკუთარ თავს ვერ მივცემ. ასევე, ვერ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, განვმარტო პრემიერის განცხადებები. მან ძალიან კარგად და გასაგებად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჩემზე ბევრად უკეთ ერკვევა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში, რადგან ის თავად გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. შესაბამისად, მე ნამდვილად არ მაქვს უფლებამოსილება და არც შესაძლებლობა, რომ მეტი ახსნა-განმარტება გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, მე ვამაყობ იმით, რომ პრემიერი არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, რომელსაც არაჩვეულებრივად ესმის თუნდაც კრიმინალთან ბრძოლის საჭიროება და ძალიან მკაფიო და მყარი პოზიციები გააჩნია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ ტაბულას კითხვაზე, "გუშინ პრემიერმა მოუწოდა პოლიციელებს, სამი-ოთხი ნაბიჯით წინ იყვნენ კრიმინალზე და სროლა დაასწრონ. რატომ დაიჯერებს მის სიტყვებს პოლიციელი, მაშინ როდესაც, პრემიერისვე მოთხოვნით განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ქუთაისელი პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი. მან დევნის ოპერაციის დროს მანქანას ესროლა და ქურდობაში მხილებული გარდაიცვალა. ხომ არ ფიქრობთ, რომ პროკურატურამ უნდა შეცვალოს ბრალდება ლაშა ჯიხვაშვილის მიმართ?".

კომენტარები