იარაღის ტარებაზე კონტროლი

იუსტიციის მინისტრი იარაღის ტარებაზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრს სამართალდამცავებზე თავდასხმების პრევენციად იარაღის ტარებაზე კონტროლის გამკაცრება მიაჩნია - თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოამზადა და პარლამენტს რამდენიმე თვის წინ გადაუგზავნა, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

"გუშინ რომ ეს ტრაგედია მოხდა, გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში ასე ჰაერში გამოკიდებულია იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების პროექტი, რომელიც ბევრი თვის წინ პრემიერის დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინე", - თქვა წულუკიანმა.
 

იუსტიციის მინისტრის ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობაში არ ეთანხმებიან - კოალიცია ქართული ოცნების წევრები იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტსა და პოლიციელებზე თავდასხმებს შორის კავშირს ვერ ხედავენ.

"ჩვენმა კომიტეტმა განიხილა ეს კანონპროექტი და დავუჭირეთ მხარი ამ ინიციატივას. ახლა, როგორც ვიცი, იურიდიული კომიტეტია ამ საკითხზე წამყვანი და ველოდებით, სესიაზე როდის იქნება გამოტანილი შემდგომი განხილვისთვის. კანონპროექტი და ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში არ არის. უკანონო იარაღის ტარება ისჯებოდა, ისჯება და მომავალშიც იქნება დასჯადი. ეს კანონპროექტი ეხება სრულიად სხვა პროცედურებს", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

კომენტარები