თბილისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერის საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, დავით ნარმანიას მიერ დახარჯული 190 მილიონი ლარი ერთ-ნახევარჯერ მეტია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დახარჯულ თანხაზე.
"190 მილიონი ლარი დახარჯა წლევანდელ წელს. ერთ-ნახევარჯერ და ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წლებში ვხარჯავდით ჩვენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჩაიბარეს დანგრეული თბილისი და დღეს თბილისი გუგუნებს. გასცა ეს თანხები ავანსებად, დახარჯა ტენდერების გარეშე და, ფაქტობრივად, ამ თანხების დიდი ნაწილი არის გაფლანგული, მითვისებული და ამ თანხების დახარჯვიდან თბილისელებს არაფერი სასიკეთო არ შერჩენიათ. დავით ნარმანიას მიმართ ჩვენი მთავარი შეკითხვა იქნება ის, თუ რაში ხარჯავს თბილისელების ფულს", - თქვა აბესაძემ.
მერის მიმართ კითხვები ექნებათ საკრებულოს ფრაქციის - დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრებს. როგორც შალვა ობგაიძე ამბობს, ისინი მოქალაქეების შეკითხვებს დასვამენ იმ დაპირებების შესახებ, რომლებიც არ შესრულდა.
საკრებულოში ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც გააკეთა. მისი თქმით, ოპონენტები თითიდან გამოწოვილ ინფორმაციებზე დაყრდნობით ლაპარაკობენ და მათ ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთეს შედეგებს მიაღწიეს.
"ჩვენს ოპონენტებს გული ძალიან სტკივათ. მიუხედავად საბოტაჟისა და უამრავი წინააღმდეგობისა, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ და რამდენჯერმე იმაზე უკეთესი მაჩვენებლები დავდეთ, ვიდრე ეს მათი მმართველობის დროს იყო. იციან, რომ ხვალ ამ ყველაფრის შესახებ მექნება ძალიან საინტერესო ანგარიში და წინა დღეს ცდილობენ, თითიდან გამოწოვილ ინფორმაციებზე დაყრდნობით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ არ გამოუვათ, ხვალ ძალიან საინტერესო ანგარიში გველოდება თბილისის საკრებულოში", - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერის გამოსვლა საკრებულოში ხვალ არის ჩანიშნული.





