შინაური ცხოველები

ალიბეგაშვილი: მხოლოდ დაავადებული და აგრესიული ცხოველების ევთანაზია მოხდება

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი მხოლოდ იმ ცხოველების ევთანაზიას გულისხმობს, რომლებსაც სპეციალური კომისია ადამიანებისთვის საშიშ დაავადებას, აგრესიულ ქცევას, განუკურნებელ დაავადებას, შეუქცევად დაუძლურებას ან ახალშობილებში ფიზიოლოგიურ ნაკლს დაუდგენს. ალიბეგაშვილის თქმით, ახალ წესთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

"1. თითქოს აღნიშნული წესი ითვალისწინებს ცხოველის (ძაღლის, კატის) ყოლისთვის სავალდებულო გადასახადს (მოსაკრებელს), რაც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, რადგან ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მკაფიოდ არის რეგლამენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ადგილობრივი მოსაკრებლის სახეობები და მათი შემოღების წესები. აღნიშნულ კანონში ცხოველის ყოლის მოსაკრებლის შემოღება გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, საკრებულო ვერ მიიღებდა ისეთ ნორმას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

2. წესის ამოქმედების შემთხვევაში, მასობრივად მოხდება ცხოველების მოკვდინება (ევთანაზია), რაც ასევე საფუძველს არის მოკლებული, რადგან „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის მე-9 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად:

ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია:

ა) იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს:

ა.ა)აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);

ა.ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;

ბ) ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;

გ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს;

დ) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;

ე) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;

ვ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).

3. ასევე, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ ადგილებში ცხოველის (ძაღლის) პატრონს ეკრძალება ძაღლის გასეირნება ალიკაპის გარეშე, რაც ასევე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, რადგან წესის მე-6 მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად, ძაღლის მეპატრონეს უფლება აქვს ძაღლი გაასეირნოს ან გადაიყვანოს საზოგადოებრივ ადგილებში (სკვერები, პარკები, სტადიონები, ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები) მოკლე საბმელით (50 სმ) ან საბმელით და ალიკაპით. უნდა აღინიშნოს, რომ დეკორატიული ჯიშის ძაღლებსა და ასევე კატებს აღნიშნული დათქმა არ ეხებათ. გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები ასევე, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა და ასევე, კატებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით. ძაღლისთვის ალიკაპისა და საბმელის გაკეთების ვალდებულება მეპატრონეს არ ეკისრება ცხოველების გამოსასეირნებლად გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი გუშინ დაამტკიცა. მისი 
ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით"(ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას.

ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცველებმა და შინაური ცხოველების პატრონებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; მათი განცხადებით, "არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია". 

კომენტარები