საყოველთაო ამნისტია

სუბელიანი: წულუკიანის დამოკიდებულება იყო, რომ პატიმრები არიან გმირები

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის წარმომადგენლის ანი სუბელიანის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დამოკიდებულება იყო, რომ "პატიმრები არიან გმირები და მათ განსაკუთრებულად უნდა მოვექცეთ". დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროექტების ყოფილმა მენეჯერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროექტზე იუსტიციის მინისტრთან ერთად მუშაობდა. როგორც სუბელიანი აღნიშნავს, ცენტრს ამნისტიის შესახებ კანონზეც სთხოვეს შენიშვნების მომზადება, თუმცა არცერთი გაუთვალისწინებიათ.

"ნაჩქარევად მიიღეს გადაწყვეტილება. ეს იყო სრულიად პოპულისტური ნაბიჯი, რადგან სასწრაფოდ უნდა ეპასუხათ მათი ამომრჩევლის დაკვეთისთვის და გაეთავისუფლებინათ პატიმრები", - თქვა სუბელიანმა. მან რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროექტისთვის სოციალური მუშაკების შერჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც იყო.

"ჩემი შოკირება და გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ თეა წულუკიანი სვამდა ისეთ შეკითხვებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყო პროფესიულ ცოდნასთან, უნარების შემოწმებასთან, თითქოს აფასებდა მათ ღირებულებებს, მაგრამ რა ღირებულებებს ეძებდა, ამასაც ვერ ვხვდებოდი. ერთ კონკურსანტს ასეთი კითხვაც კი დაუსვა - თქვენი აზრით, რითი გჯობიათ ყოფილი პატიმარი თქვენ? ეს გოგო გაოგნებული დარჩა. მან უთხრა, რომ - "არავინ მჯობია, არც უკეთესია და არც უარესი ვინმე იმის გამო, რომ ყოფილი პატიმარია". რაზეც მინისტრის პასუხი იყო, რომ "როგორ, თქვენ აქ თბილად ზიხართ და მათ ციხეში ასეთი ტანჯვა გამოიარეს, ნუთუ ისინი არაფრით არ არიან თქვენზე უკეთესები?" აბსოლუტურად დამოკიდებულება იყო ისეთი და ეს ძალიან ბევრჯერ იგრძნობოდა (ეს მხოლოდ ერთი მაგალითია) მისგან წამოსული მესიჯებიდან გამომდინარე, რომ ეს პატიმრები არიან გმირები, და რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოვექცეთ. არა იმიტომ, რომ მათ სჭირდებთ რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და ა.შ არამედ იმიტომ, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს წინაშე. და ამისთვის ჩვენ მათ ვალი უნდა გადავუხადოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე", - განაცხადა სუბელიანმა თეორემაში.

კომენტარები