პოლიციელის მკვლელობა

სასჯელაღსრულების სამინისტრო: შალვა აბულაძეს 2012 წლის ამნისტია შეეხო

შალვა აბულაძე, რომელიც, საგამოძიებო უწყებების ცნობით, პოლიციელებს თავს დაესხა ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამძებრო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს ბორჯომშიც. პოლიციის თანამშრომლები ქალაქში შემსვლელ ყველა სატრანსპორტო საშუალებას ამოწმებენ.

5 აპრილს, გამთენიისას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ძებნილი სამართალდამცავებმა წულუკიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს, მაგრამ აბულაძემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და გაქცევა შეძლო. შალვა აბულაძე ამ დრომდე კიდევ ერთი პოლიციელის მკვლელობისა და ერთის - მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა: მას ბრალი 23 იანვარს ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის დაჭრაშიც ედება.

პრემიერმინისტრმა დღეს პოლიციელებს საკუთარი სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამართალდამცავთათვის ცეცხლის გახსნა სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გააკეთა, სადაც დაჭრილი პოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა.

კომენტარები