პოლიციელის მკვლელობა

წიკლაური: პოლიციელთა დემორალიზაცია მთავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ პოლიციელთა დემორალიზაცია "ივანიშვილის მთავრობის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ გამოიწვია". წიკლაურმა დღეს ბრიფინგი გამართა.

"პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული პოლიციელის ოჯახს. ისევე, როგორც იმ პოლიციელების ოჯახებს, რომლებიც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დაიღუპნენ. ასევე მინდა, გამოვეხმაურო შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გუშინდელ უპასუხისმგებლო განცხადებას, როდესაც მან დაადანაშაულა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება - თითქოს სწორედ საზოგადოება ახდენს პოლიციელთა დემორალიზაციას. მინდა, გითხრათ, რომ პოლიციელთა დემორალიზაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა სწორედ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა ატარებს - რაც გამოიხატა ამნისტიაში და მკვლელების, ყაჩაღების, კრიმინალების გამოშვებაში, რამაც უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოების დაცულობას, ისე პოლიციელთა სიცოცხლეს. პოლიციელთა დემორალიზაცია გამოიხატა იმით, რომ კეთილსინდისიერი პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ პირნათლად თავის მოვალეობას, სწორედ ისინი ხდებოდნენ დასჯის ობიექტები - მათ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან იმის გამო, რომ ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც მათ ავალებდათ კანონი. მათი დემორალიზაცია გამოიწვია იმან, რომ პოლიციელთა მკვლელებს აპარებდნენ საზღვარზე და ამას აკეთებდა ხელისუფლება, როგორც იყო ეს ბათუმის ცნობილი ინციდენტის დროს. პოლიციელთა დემორალიზება გამოიწვია სპეცრაზმელთა დევნამ, რამაც შეასუსტა სპეცრაზმელების ეფექტურობა. ასევე პოლიციელთა დემორალიზება გამოიწვია ქურდული სამყაროს რეანიმაციამ და ამის დამადასტურებელია ის ათობით შემთხვევა, როდესაც ხელს აფარებდნენ კანონიერ ქურდებს და პირდაპირ აეროპორტიდან აპარებდნენ მათ. პოლიციელთა დემორალიზაცია გამოიწვია დამნაშავეთა სამყაროს ჰეროიზაციამ ქართული ოცნების მხრიდან.

ქართული საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ძალა მკაფიოდ აცხადებს, რომ სოლიდარულია ქართული პოლიციის მიმართ, მხარს უჭერს ქართველ პოლიციელებს და კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას, მცირედით მაინც შეამცირონ ის უდიდესი ზიანი, რაც მიაყენეს ქართულ პოლიციას. ვფიქრობ, აუცილებელია ამ მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმა. შეუძლებელია ქვეყანაში ხელისუფლება ახალისებდეს კრიმინალურ სამყაროს და ამ დროს პოლიცია იყოს დაცული და პოლიციას შეეძლოს, დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი.

საქმე იქამდეა მისული, რომ უუნარო მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოვიდნენ სახლიდან, იყვნენ უფრო ფრთხილად და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არაფრით არ შეუძლია, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი", - თქვა წიკლაურმა.

4 აპრილს შეიარაღებულმა პირმა პოლიციელები ბექა მარგიშვილი და ვალერიან გრძელიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა იუწყება, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და დადგენილია თავდამსხმელი პირის ვინაობა. ის 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შალვა აბულაძე შეამჩნიეს თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან აბულაძე შეიარაღებულია; ასევე საზოგადოებას მიმართავს, თუ აქვთ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

კომენტარები