პოლიციელის მკვლელობა

იზორია: საქმე გვაქვს პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა

police.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას თქმით, მიზეზი, რის გამოც ვერ მოხერხდა ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული პირის ამ დრომდე დაკავება, არის ის, რომ ბრალდებული პროფესიონალი და სერიოზული დამნაშავეა. იზორია იმ ფაქტს, თუ როგორ მოახერხა დამნაშავემ, რომ დღეს დილით სამართალდამცველებს გაქცეოდა, იმავე მიზეზით ხსნის.

ამის შესახებ იზორიამ იმედის კვირაში ისაუბრა. მისი თქმით, ეჭვმიტანილი ასკეტურ ცხოვრებას ეწევა და იმის დადგენა, თუ სად იმყოფება ის და როგორ გადაადგილდება, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, საკმაოდ რთულია.

“ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა. მე ახლა არ მინდა დეტალები გავაჟღერო და შესაბამისად, დადგენა, თუ სად იმყოფება, როგორ გადაადგილდება, სხვა პიროვნებებისგან და სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ერთგვარად რთულია. თუმცა, როგორც გითხარით, მთელი სისტემა არის მობილიზებული და შესაბამისად, ახლო მომავალში კონკრეტული შედეგები აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვარკეთილის მეტროსთან შეიარაღებულმა პირმა ორ სამართალდამცველს ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

კომენტარები