სასამართლოს დამოუკიდებლობა

გვენეტაძე: ხელისუფალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს

ნინო გვენეტაძე
ტაბულა

შევახსენებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

გვენეტაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული დავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მოდავე მხარეები სარგებლობენ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, გამოიყენონ საპროცესო კანონით დაგენილი პროცედურული წესები, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის. მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, მოსამართლის დამოუკიდებლობამ და მიუკერძოებლობამ, ეფექტიანმა და დროულმა სამართალწარმოებამ, ასევე, მეორე მხრივ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებმა. ამ პროცესისადმი ნდობა, ასევე ეფუძნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ არაერთხელ გაცხადებულ მზაობას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და სამართალოწარმოებაში ჩაურევლობის თაობაზე. მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია კანონით დადგენილი პროცედურებითა და წესით. გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე'', - ნათქვამია ნინო გვენეტაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის განცხადებით საყდრისის და რუსთავისი მეტალურგიული ქარხნის გარშემო განვითარბეული მოვლენები დივერსიაა და მისი აზრით, სამართალმდაცველი ორგანოები ამ საქმეებით უნდა დაინტერესდნენ.

„მაინტერესებს უბრალოდ ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომელიც არის ეს ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. მე ვიტყოდი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებით, რაც ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები