- ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენაზე საქართველოს უარი ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ათქმევინეს - დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საფრანგეთთან მემორანდუმის შესახებ მეტი დეტალი გაასაჯაროვა, ირაკლი ალასანიამ ისაუბრა იმ ბენეფიტებზე, რასაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა საკმაოდ იაფად მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ მემორანდუმის ხელმოწერას ლოგიკური გაგრძელება ექნებოდა და ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდებოდა. თავისუფალი დემოკრატები დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ, პრემიერი კი ალასანიას განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.
- სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივას პარლამენტში ეხმიანებიან - ალასანიას გუნდის წევრებს მოლოდინი არ აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას დაეთანხმება და საფრანგეთში სავარაუდოდ ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ კომისიას შექმნის. ალასანიას იდეა მისაღებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, თუმცა უმრავლესობის წევრები ვერც ამ შემთხვევაში ხედავენ კომისიის შექმნის აუცილებლობას.
- ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 4 აპრილის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ლარის კურსი 1.2 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი ამერიკული დოლარი 2.26 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 2.8 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.4 ლარი ეღირება. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი. ორგანიზაცია ACT-ის კვლევის მიხედვით კი, გამოკითხული თბილისელების 70%-ის ფინანსურ მდგომარეობაზე ლარის დევალვაცია უარყოფითად აისახა. გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მას შემოსავლები ლარში, ვალდებულებები კი უცხოურ ვალუტაში აქვთ, რის გამოც ლარის კურსის რყევამ მათი შემოსავლები შეამცირა.
ფოკუსი




