პარლამენტის ოთხ კომიტეტს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გახდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გია ჟორჟოლიანმა დაიკავა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თამაზ მეჭიაური უხელმძღვანელებს, ხოლო კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი თემურ ჭკუასელი გახდა.
კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანსიებზე წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი.
ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეები ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც პოსტები დატოვეს. რაც შეეხება კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტს, მისი ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუბაზ სანიკიძემ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვიცესპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლა.





