სახალხო დამცველის ანგარიში 2014

ომბუდსმენი: ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის მიუკერძოებლობის შესახებ

სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა.

"დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების, სავარაუდოდ, უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკვშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე", რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. „კაბელების საქმისთვის" საიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი", - წერია ანგარიშში.

კომენტარები