ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე სხდომა მოსამართლემ ნაწილობრივ დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე სხდომა მოსამართლემ ნაწილობრივ დახურა. როგორც ტაბულას კორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე საუბრისას სხდომა დახურულიყო. აღნიშნულ მოთხოვნას ბრალდების მხარეც დაეთანხმა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

დაცვის მხარის მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ, წინასასამართლო სხდომა ისევ გაიხსნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი 11:00-დან მიმდინარეობს. სხდომას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები, ასევე საქართველოში შვეიცარიის ელჩი ესწრებიან. პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა პროკურორების - ლევან ბაჩიაშვილის და ზვიად გუბელაძის აცილება. ადვოკატების თქმით, ისინი მათი მოწმეების სიაში არიან. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან, მისი თქმით, ამ ეტაპზე, როდესაც მტკიცებულებების და მოწმეების სია ჯერ სასამართლო პროცესზე არცერთ მხარეს არ წარუდგენია, მათი აცილების საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარე ზოგიერთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობასაც დააყენებს. ასევე, შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების შეცვლაც მოითხოვონ. 

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. თანამდებობის პირებს კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავებიან.

დაკავებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

კომენტარები