ფოკუსი

31 მარტი, 2015

- ბიძინა ივანიშვილი ჰილარი კლინტონთან დაახლოებული პირების მეშვეობით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანზე გავლენის მოხდენას და ვაშინგტონის მხარდაჭერის მოპოვებას, სავარაუდოდ, ამერიკის კანონმდებლობის დარღვევით ცდილობდა. ეს შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე ხდებოდა, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს და უკანონო ლობისტებისთვის 10 წლიან პატიმრობას ან 10 ათასამდე დოლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
- აშშ-ს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილის ამერიკელ ლობისტებს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ, დღეს განსხვავებულ კომენტარებს აკეთებდნენ საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.
- პრეზიდენტის მოხსენების ყველაზე კრიტიკული ნაწილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა. გიორგი მარგველაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლება ინვესტიციების შემცირებაში დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, გადაწყვეტილბების გაჭიანურებით მიღება იწვევს. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი პრობლემა ექმნება ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელსაც გადაწყვეტილებების შეთანხმება სხვადასხვა საბჭოებთან უწევს. მარგველაშვილის შეფასებით, ასეთ პირობებში ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია. პრეზიდენტის თქმით, წინაღობები ექმნება უშიშროების საბჭოს მუშაობასაც.
- ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობამინისტრთა კაბინეტის წევრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან - ეს განცხადება აკაკი ბობოხიძემ პრეზიდენტის წლიური ანგარიშს დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადამიანია, თუმცა მთავრობა მას არ უსმენს.
- ევროპის საბჭოს სათათბირო ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ევრომაიდანის მოვლენების გამოძიების მიზნით შეიქმნა, საკუთარი ანგარიში წარმოადგინა. ევროსაბჭოს ექსპერტები უკრაინის პროკურატურის ხელში არსებული ინფორმაციით სარგებლობდნენ. ანგარიშის თანახმად, 22 თებერვალს დაღუპულთა უმეტესობა კალაშნიკოვის ავტომატიდან გასროლით არის მოკლული. თუმცა, ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რომელი ძალოვანი ქვედანაყოფი ისროდა, ჯერჯერობით არ არსებობს. 30 ადამიანზე მეტი ინსტიტუტის ქუჩაზე ძალოვნების პოზიციიდან ნასროლი ტყვიებით არის მოკლული. თუმცა დადგენილია, რომ სულ მცირე სამ ადამიანს სასტუმრო უკრაინის მხრიდან, ზურგში ესროლეს.

კომენტარები