პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე დღეს, 13:00-ზე წარსდგება

ტაბულა

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე დღეს, 13:00-ზე წარსდგება. გამოსვლის ფორმატი გუშინდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც გადაწყდა, გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას დებატები არ იქნება.

ასევე ცნობილია, რომ, გარდა პრეზიდენტისა, პარლამენტში სიტყვით ფრაქციების თავმჯდომარეებიც გამოვლენ და თითოეულისთვის 15 წუთი იქნება გამოყოფილი.

პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლას დაესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. რაც შეეხება მინისტრებს, როგორც ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ითქვა, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი ვერ დაავალდებულებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, "მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტის და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ოფიციალური მიმართვა 24 მარტს გაუგზავნა. მიმართვაში ადმინისტრაცია პარლამენტს სთხოვს, მოხსენებაზე დასასწრებად მიიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.

კომენტარები