თეორემა

ხელისუფლება ხალხის ნდობისგან იცლება - საზოგადოებრივი აზრის "უსაქმურთა" ანალიზი

საზოგადოებრივი აზრი თერმომეტრია, რომელიც მონარქმა მუდმივად უნდა ამოწმოს - ამბობდა ნაპოლეონ ბონაპარტი. საზოგადოებრივი აზრი ამ ქვეყანაში ყველაფერია - ამბობდა აბრაჰამ ლინკოლნი. მმართველი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს არ უწევს, ჩემთვის უცხო სხეულია - ამბობდა მაჰათმა განდი. საზოგადოებრივი აზრის კვლევა და პოლიტიკური რეიტინგები უსაქმურების საქმეა - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს თქვა - პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც გუშინ ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ. შედეგები ხელისუფლებისთვის ჩემი შეფასებით კატასტროფულია.
ასე მაგალითად, ირკვევა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 25% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა არასდროს, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი კვლევას ატარებს - მათ შორის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი.

მაშინ, როდესაც მინისტრი ხადური ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის. შესაბამისად, არც კრიზისის დაძლევის საჭიროება დგას, მოსახლეობის თითქმის ორი მესამედის აღქმით, ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. მოსახლეობის ნახევარს კი ეკონომიკური ვითარების გაუარესება უშუალოდ შეეხო.

საზოგადოების მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება და თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ვითარება გაუარესდა. დაახლოებით იგივეა იმ ადამიანების წილი, ვინც მიიჩნევს რომ კრიმინალი "შესანიშნავ მდგომარეობაშია" - ანუ მომძლავრდა.

სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა მკვეთრი ვარდნის რეჟიმშია. ყველაზე მეტად მთავრობისადმი ნდობა შემცირდა - 21 პროცენტით. 17 პროცენტითაა შემცირებული ნდობა პოლიციისადმი. მნიშვნელოვნადაა შემცირებული ნდობა პროკურატურის, სასამართლოს, ჯარის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტების მიმართ.

მთავრობის ყველაზე დიდ წარმატებად მოსახლეობა ჯანდაცვის რეფორმას და საყოველთაო დაზღვევას მიიჩნევს - სწორედ ამიტომ, ყველაზე პოპულარული სახელმწიფო თანამდებობის პირი ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკოა. ყველაზე დიდ მარცხად კი შეუსრულებელ დაპირებებს, ინფლაციას, ეკონომიკურ კრიზისს და კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას.

საგულისხმოა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების არასათანადო დასჯას მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი მიიჩნევს ხელისუფლების მარცხად.

მნიშვნელოვანად დაეცა ქართული ოცნების რეიტინგი. გასული ერთი წლის განმავლობაში ის 58% დან 36%-ზე ჩამოვარდა. მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობაა 14% - მისი რეიტინგი შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა. მესამეზე თავისუფალი დემოკრატები არიან. ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ ლეიბორისტულ მოძრაობას 6%-ოთ და პრორუსულ ძალებს - 5-5%-ით.

კარგი ისაა, რომ კვლავინდებურად მაღალია დასავლური კურსის მხარდაჭერა. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს შესაბამისად 79 და 85 პროცენტი უჭერს მხარს.

მოსახლეობის სამი მეოთხედი რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს. პარტნიორად კი მას მხოლოდ 18 პროცენტი აღიქვამს.

საგულისხმოა რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან უშუალოდ დაკავშირებულ პროექტს, პანორამა თბილისს უარყოფითად აფასებს იმ თბილისელთა თითქმის ნახევარი, რომლებსაც მის შესახებ სმენია. პოზიტიური შეფასება პანორამა თბილისმა ამ ხალხის მეოთხედისგან დაიმსახურა.

უარესი მდგომარეობაა საყდრისის აფეთქებასთან მიმართებით - მოსახლეობის 75%-ს სმენია ამ ფაქტის შესახებ და ვისაც სმენია, მათი ორი მესამედი მიიჩნევს, რომ უპირატესობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უნდა მინიჭებოდა.

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევიდან - ამ თემაზე ვისაუბრებთ თეორემას სტუმრებთან ერთად.

კომენტარები