სავიზო რეგულაციები

დარჩიაშვილი: მთავრობა ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. მან დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი თენგიზ იაკობაშვილი, რომელსაც, დარჩიაშვილის თქმით, საქართველოში 2011 წლიდან, ქ. ბათუმში აქვს საამშენებლო მასალების ორი საწარმო, ცნობილი უკრაინული კომპანიის DISC-M ფილიალი, სადაც დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი.

დარჩიაშვილის განცხადებით, დღემდე საწარმოში ინვესტირებულია 3 მილიონი ლარი. ბიუჯეტში გადარიცხულია მილიონამდე ლარი. თავად იაკობაშვილის განცხადებით, კომპანია აპირებდა 2017 წლამდე 25 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას და 700 ადამიანის დასაქმებას როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და თბილისში. თუმცა 26 მარტს იუსტიციის სამინისტრომ თენგიზ იაკობაშვილს ბინადრობის მოწმობაზე უარი უთხრა.

"ძნელია, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობის გარდა, რამე სხვა ვუწოდოთ იუსტიციის სამინისტროს მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ხელს უშლის ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში - ე.ი. ვალუტის შემოდინებას და ადამიანების დასაქმებას. დღეს, როცა სიღარიბის და ლარის დევალვაციის შეჩერება სწორედ ასეთი საშუალო ზომის ინვესტიციებს შეუძლია, მსგავსი ქმედება დაუშვებელია. გაუგებარია, თუკი ადამიანს - რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმოშობით საქართველოდანაა და მშობლებიც აქ ჰყავს - სურს, ჩამოვიდეს, ჩადოს ჩვენს ეკონომიკაში ფული, გასწიოს ეკონომიკური საქმიანობა და დაასაქმოს ადამიანები, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?",- თქვა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის მოსაზრებით, ბიზნესმენ თენგიზ იაკობაშვილის შემთხვევა არ არის გამონაკლისი და ზოგად სურათს ასახავს. ამ სიტუაციაში მან ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმების და 2014 წლის 1 სექტემბრამდე არსებული რეჟიმის აღდგენის საჭიროებაზე, რის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტში გიორგი კანდელაკს აქვს შეტანილი.

"სავიზო რეგულაციების ასეთი გამკაცრება მეგობარი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ ევროკავშირს არამც და არამც არ მოუთხოვია. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ხალხს ჭირდება სწორედ ასეთი ინვესტიციები. მოვუწოდებთ მთავრობას და უმრავლესობას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელი სისტემის აღდგენას",- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

კომენტარები