გივი თარგამაძის დაკითხვა

თარგამაძემ გამოძიებას ცნობები ხელისუფლების მხრიდან კანონდარღვევებზე მიაწოდა

ტაბულა

მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის დაკითხვა დასრულდა, რომელიც თითქმის 9 საათი გრძელდებოდა.  თარგამაძე ჩვენებას პოლიციელ რუსლან ბაზიაშვილის საქმესთან დაკავშირებით აძლევდა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველი სამინისტროდან ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულეს.

„ჩემი სურვილით მივაწოდე გამოძიებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია იმ მრავალჯერადი კანონდარღვევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ უმაღლესი სახელმწიფო პირები, პოლიციის ხელმძღვანელები ქურდულ სამყაროსთან შერწყმაში. ეს ინფორმაცია მათ უკვე გააჩნიათ და კეთილი უნდა ინებონ და ამ საქმეებზე უნდა აღიძრას ცალკე სისხლის სამართლის საქმეები“,  - განაცხცადა თარგამაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.  

მისი თქმით, მან პროკურატურის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია კონკრეტული პირების შესახებ, რომლებიც ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ, მათ შორის პრემიერმინისტრის დაცვის უფროსის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვის უფროსის, აჭარის პოლიციის სამმართველოს და საპატრულო სამსახურის ყოფილი უფროსების, მათი ზოგიერთი მოადგილეების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი   უფროსის დარბაისელის, ასევე ვიცეპრემიერ კალაძის შესახებ.

„პრაქტიკურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობა არის ჩართული ქურდულ-სახელისუფლო-პოლიციური სისტემის ჩამოყალიბებაში“,  - განაცხადა დეპუტატმა.  

თარგამაძის თქმით, გამომძიებლებს ბაზიაშვილის საქმესთან დაკავშირებთ სეროზულ კითხვები არ დაუსვამთ.  

"მათი კითხვები იყო როგორც წესი სულელური. ანუ რატომ არ მაქვს თან მობილური ტელეფონი, მაქვს თუ არა სურვილი, რომ ის დაათვალიერონ და ალბათ შიგნით ჩიპი ჩადონ და ა. შ. სხვა მხრივ რაიმე სერიოზულ დაინტერესებას ადგილი არ ჰქონია. ერთი რამე ჩანდა აშკარად - იმ დავალების მიხედვით, რომელიც მიიღეს ტელევიზორიდან, იმ ბიჭისგან, რომელიც დღეს საოცრებებს აფრქვევდა პრესკონფერენციაზე, უბრალოდ ცდილობენ რამენაირად მიუსადაგონ რამე მის დავალებას“,  - განაცხადა თარგამაძემ.  

უწყება სდაკითვაზე გამძახების შესახებ თარგამაძემ გვიან ღამით 25 მარტს მიიღო. საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. დეპუტატი ხაზს უსვამდა, რომ პარლამენტის წევრს, აქვს უფლება დაკითხვაზე არ გამოცხადდეს, მაგრამ თავს ვალდებულად თვლის, დაიცვას პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი.

19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები