გივი თარგამაძის დაკითხვა

დეპუტატ გივი თარგამაძეს თბილისის მთავარ პროკურატურაში კითხავენ

ამ წუთებში თბილისის მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს, გივი თარგამაძეს კითხავენ. მან უწყება გუშინ მიიღო და საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის წევრს, აქვს უფლება დაკითხვაზე არ გამოცხადდეს, მაგრამ თავს ვალდებულად თვლის, დაიცვას პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ პარლამენტის წევრი პოლიციელისგან ინფორმაციას უკანონოდ არ მოიპოვებდეს. პრემიერი მიმართავს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გივი თარგამაძის მიერ რუსლან ბაზიაშვილისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. პრემიერის თქმით, არავინ დგას კანონზე მაღლა.

ცნობისთვის, 19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები