ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

პრემიერი: რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას რეალური შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია და ჩვენი კონსტრუქციული, ახალი პოლიტიკის, ახალი მიდგომების შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ხელი შევუწყვეთ უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ მოვახდინეთ დეესკალაცია. მოვახდინეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, შევეცადეთ ყოველ შემთხვევაში". თუმცა, როგორც პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "სამწუხაროდ, რუსეთმა იგივე სულისკვეთებით არ უპასუხა ჩვენ მიერ წამოწყებულ კონსტრუქციულ პოლიტიკას და ჩვენ პოლიტიკური მიმართულებით არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული წინსვლა". ღარიბაშვილის თქმითვე, "თუმცა, გვაქვს ჩვენ გაუმჯობესება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით. ჩვენ ეს თავიდანვე გავმიჯინეთ".

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყნის მთავარი პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები "სრულად იზიარებენ ჩვენს პოლიტიკას, მხარს გვიჭერენ ამ მიმართულებით და მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული პოლიტიკა და დიალოგი". მანვე აღნიშა, რომ საქართველოს მთავრობა არის და იქნება ძალიან პრინციპული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში.

"ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, ეს არის ყველგან აღიარებული ფაქტი და ამას სჭირდება მუდმივად შეხსენება. ის, რომ რუსეთმა ახალი ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა, რა თქმა უნდა, არის ყოვლად დაუშვებელი და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადოთ. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, თუმცა, ჩვენ არ ვცვლით ჩვენს მთავარ მიდგომებს - ეს არის კონსტრუქციული, პრაგმატული პოლიტიკა, რასაც რეალური შედეგი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები