ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

პრემიერი: რუსეთის ქმედებები ხელს უშლის ჩვენ შორის ნდობის აღდგენის პროცესს

დავოსში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNBC-სთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები პოლიტიკური ურთიერთობებისგან გამოყო და სავაჭრო სფეროში წარმატებებსაც მიაღწია. მისივე შეფასებით, რუსეთის დუმის მიერ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისა და პრობლემის გადაჭრის პროცესს. 

"ჩვენ ვეცადეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები პოლიტიკური ურთიერთობებისგან გამოვყავით. ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში ჩვენ გარკვეულწილად გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს - რუსებმა ჩვენი ღვინის, მინერალური წყლებისთვის და სხვა პროდუქციისთვის ბაზარი გაგვიხსნა. თუმცა არ გაუმჯობესებულა ურთიერთობის პოლიტიკური მხარე. პირიქით, რუსეთმა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას არ უპასუხა. ორი თვის წინ მათ შეთანხმება გააფორმეს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან და დღეს რუსეთის დუმამ ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთი ამავე ტიპის შეთანხმების გაფორმებას სამხრეთ ოსეთის რეგიონთანაც გეგმავს. ჩვენ ეს ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიების ანექსიად შევაფასეთ.  რუსეთის ქმედებები ხელს ვერ შეუწყობს ჩვენ შორის ნდობის აღდგენის, ხალხთა შერიგებისა და ამ პრობლემის გადაჭირს პროცესს. ჩვემი მიზანი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ნდობის აღდგენაა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა საქართველოს პროდასავლურ კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული ორიენტაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.

"ევროპული ინტეგრაცია, ევროპული ორიენტაცია ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არჩევანი არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს" - განმარტა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები