დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის სხდომაზე არდაშვება, მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო.
"ის, რომ ისინი არ დავუშვით მთავრობის სხდომაზე, ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპულად მიღებული გადაწყვეტილება. ამას რამდენიმე უმთავრესი საფუძველი აქვს. პირველი არის ის, რომ როდესაც ისინი სხედან და ისმენენ საკითხებს, შემდგომ გამოდიან გარეთ და სხვანაირად საუბრობენ, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. მეორე - როცა წინა შეხვედრაზე მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ სხდომას, მე მათ ვუთხარი, რომ კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საკითხის შეფერხება, დედაქალაქის ბაღის შენობის დაბრუნებასთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი და უნდა დაგვხმარებოდნენ ამაში, ეს არ არის შესრულებული. ასევე მათ უნდათ, რომ მთავრობის სხდომაზე შემოსვლით, ცალკეული საკითხები აწიონ და, შესაბამისად, მასკარადად აქციონ პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და არ დავუშვებთ იმას, რომ საქმეში ვინმემ შეგვიშალოს ხელი. მათ აქვთ სრული საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებები მიიღება, ეგზავნებათ დღის წესრიგი, ეგზავნებათ საკითხები - კეთილი ინებონ, დასხდნენ, გააანალიზონ. თუ რამე კითხვებია, საკრებულოში მივდივარ აპრილის დასაწყისში და იქ გავცემ პასუხს", - თქვა ნარმანიამ.
ცნობისთვის, დღეს დილით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს დასწრების უფლება არ მისცეს. საშვების ფლობის მიუხედავად, ისინი მერიის შენობაში არ შეუშვეს. თემურ გრიგალაშვილმა და ირაკლი აბესაძემ დაცვის სამსახური კანონის არცოდნასა და სუს-ის უკანონო მითითების შესრულებაში დაადანაშაულეს.
"მე მაქვს საშვი, რის საშუალებითაც დაცვის სამსახური ვალდებულია, შემიშვან და სადაც მინდა, მერე იქ შევალ - მინდა, მთავრობის სხდომას დავესწრები, მინდა -იურიდიულ სამსახურში ავალ, მინდა, სოციალურ სამსახურში ავალ და გავარკვევ, რას აკეთებს და რაზე მუშაობს", - თქვა აბესაძემ.
მერიიდან წამოსვლის შემდეგ ფრაქციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
"ნიკოლოზ ბასილაია, რომელმაც არ შეგვიშვა შენობაში, არის კონკურსში ჩაჭრილი და ის არ იმსახურებს მერიაში მუშაობას. თუმცა, რომ გავყვეთ, ვიღაცის ნათესავი აღმოჩნდება და, როგორც ჩანს, ამიტომ აძლევენ ამდენის უფლებას. მაგრამ მთავარი პრობლემა არის სხვა - დედაქალაქის 92% თვლის, რომ დავით ნარმანიას 8-თვიანი მოღვაწეობის განმავლობაში არ ჰქონია არცერთი წარმატება. შესაბამისად, აუცილებელია დავით ნარმანიას არ მივცეთ საშუალება ასე წარუმატებლად გააგრძელოს მუშაობა", - თქვა აბესაძემ.
თემურ გრიგალაშვილის თქმით კი, დავით ნარმანია საკრებულოს წევრებს ემალება, რადგან მერიაში არსებულ კორუფციულ ფაქტებსა და სხვა პრობლემებზე პასუხი არ აქვს.
ენმ-ის განცხადებითვე, ნიკოლოზ ბასილაია, რომელმაც დეპუტატები მერიაში არ შეუშვა, დავით ნარმანიას ბიძაშვილის ნათია ნარმანიას მეუღლეა.





