სავიზო რეგულაციები

კანდელაკი: სავიზო რეგულაციებში დაგეგმილი ცვლილებები არასაკმარისია

ტაბულა

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, სავიზო რეგულაციების გამარტივების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზედაპირული და არასაკმარისია. შესაბამისად, დეპუტატის შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები არ შეიძლება ჩაითვალოს პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად. ენმ-ის წევრის თქმით, არავის არ აქვს პასუხი, თუ რატომ არ უნდა აღდგეს ძველი რეგულაციები.

“სამწუხაროდ, ეს ცვლილებები არის არასაკმარისი, ზედაპირული ხასიათის და რეალურად არ აგვარებს პრობლემას. ვერავინ ვერ ხსნის, თუ რატომ არ უნდა აღდგეს ძველი რეგულაციები, რომლითაც მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგალითად, გერმანიის მოქალაქეებს, საშუალება ჰქონდათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ვთქვათ, არა 90 დღე ყოფილიყვნენ უვიზოდ, არამედ 360. 95 დღე რომ იყვნენ გერმანიის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე, ქართველობა წაგვერთმევა ამით თუ რა დაშავდება, ვერავინ ვერ ხსნის“, - განაცხადა კანდელაკმა.

დეპუტატმა ასევე დაამატა, რომ სავიზო რეგულაციები არის სერიოზული დაბრკოლება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის და ხელს უწყობს ლარის შემდგომ გაუფასურებას.

“მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის სერიოზული ბარიერი ინვესტიციების გზაზე“, - განაცხადა კანდელაკმა.

მთავრობამ უცხოელებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და, ზოგადად, სავიზო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აღნიშნულ კანონში ახალი საკანონმდებლო ნორმები შევიდა, რაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

კომენტარები