IDFI

IDFI: 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის დევნა 367 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო

idfi

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელის წინააღმდეგ. IDFI-ს ეს ინფორმაცია თავად მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა.

"მათგან გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ, გამამართლებელი - 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება", - აღნიშნავს IDFI.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2014 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და ასევე მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაციის მოწოდება: 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურაში შესული იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც წარსულში სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას უკავშირდებოდნენ ან რომლებიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საკითხებს შეეხებოდა. ასევე პროკურატურისგან გამოითხოვეს ინფორმაცია იმ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს პროკურატურაში და დღესაც აგრძელებენ აღნიშნულ უწყებაში მუშაობას.

"შევეცადეთ, გამოგვერკვია, ფიქსირდებოდა თუ არა შემთხვევები, როდესაც განცხადებას განიხილავდა ის პროკურორი, რომლის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას ითხოვდა განმცხადებელი. სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ, რის გამოც უმოქმედობა გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურიდან პასუხი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგების შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ბოლო დღეს იქნა მიწოდებული. ამასთან მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდეს მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო დარჩენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით გაკეთდა განმარტება, რომ პროკურატურა შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას არ აწარმოებდა. მათ შორის, არ მოგვაწოდეს ინფორმაცია ისეთი საქმეების შესახებ, რომელსაც იხილავდა იგივე პროკურორი, ვინც დანაშაულებრივ ქმედებაში იყო მხილებული", - აცხადებს IDFI და აღნიშნავს, რომ პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა.

"აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოითხოვეს კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს, ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას", - ნათქვამია IDFI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები