IDFI

ივანიშვილი: კანცელარიასა და შსს-ში გამჭვირვალობის პრობლემა არ არის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ცუდი შედეგები აქვთ მთავრობის კანცელარიას, შსს-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. თუმცა, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არც კანცელარიაში და არც შსს-ში გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს. მისი თქმით, ვიღაცამ შეიძლება ინსტრუქცია უკეთ დაიცვა, თორემ მთავრობაში გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას. 

"ეს ნორმალურია, რომ ვიღაცას ზუსტად აქვს შესრულებული მოთხოვნები, ვიღაცას ნაკლებად. ყველაფერი ნორმაშია, ჩვენს მთავრობაში გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამაზე ვერ გიპასუხებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით პრობლემების არსებობას უარყოფს მთავრობის კანცელარიის უფროსიც. როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მთავრობის პირობებში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და გაცემული პასუხების რაოდენობა გაიზარდა. 

"მხოლოდ 7 უარი გვაქვს ნათქვამი და ისიც იმის გამო, რომ აღნიშნული ინფორმაცია კანცელარიაში არ იყო დაცული. სხვა მხრივ, ყველა განაცხადს პასუხს ვცემთ კანონით დადგენილ ვადაში", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.




კომენტარები