პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს: ყოველწლიურ გამოსვლაზე მოიწვიეთ მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა გიორგი მარგველაშვილის 31 მარტს დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით. ადმინისტრაცია პარლამენტს სთხოვს, მოხსენებაზე დასასწრებად მიიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.

"მოგეხსენებათ, რომ ა.წ. 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გთხოვთ ხსენებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიოთ საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. ასევე ის ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აწერს.

ვიცესპიკერის მანანა კობახიძის თქმით, პარლამენტი ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდის, მაგრამ დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს მათი ნებაა.

"მთვარობა იქნება ინფორმირებული, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ინფორმირებული. მთავრობის წევრებს აქვთ უფლება მობრძანდნენ და დაესწრონ, მაგრამ პარლამენტი მათ ვერ დაავალებს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლას. ასეთ ჩანაწერს რეგლამენტი არ ითვალისწინებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, "მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტის და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ".

კომენტარები