აშშ-საქართველოს ურთიერთობა

აშშ საქართველოს მოუწოდებს, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოდანაშაულებთან და ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მასში საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის გავლითაც აღმოსავლეთში წარმოებული ნარკოტიკები დასავლეთში უკანონოდ გადააქვთ.  

ანგარიშში საქართველოში ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სტატისტიკაც არის მოყვანილი. ასევე საუბარია 2014 წლის ივლისში ბათუმის პორტთან 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტზეც, რომელიც ისტორიაში სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების სავარაუდოდ ყველაზე მსხვილ შემთხვევას წარმოადგენს. დოკუმენტში საუბარია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ ახალ კანონზე, ასევე აღნიშნულია მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის ახალი წესიც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამის შედეგად კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ფაქტები 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 90%-ით შემცირდა.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოუწოდებს, ნარკოტიკების უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს, რათა ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის შედეგად გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური ზიანი შემცირდეს, თავის მხრივ კი, ის ტრენინგებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სახით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს. 

კომენტარები